აჭარაში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიების შემდეგ, შესაძლოა კანონი გამკაცრდეს

07 მაისი 2018, 00:00 2119 ნახვა

 სახანძრო უსაფრთხოებაზე კანონი შესაძლოა გამკაცრდეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი კანონპროექტი მოამზადა, რომლის მიხედვით, უწყებას უფლება ენიჭება, შეამოწმოს ყველა მცირე ზომის ობიექტი, სადაც 100 -ზე ნაკლები ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.  

უწყება განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში შენობებში მომხდარი სტატისტიკა საგანგაშოა და აუცილებელია სახანძრო უსაფრთოებაზე კონტროლის გამკაცრება. "აჭარასა და სხვა რეგიონებში, სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესწავლით გაირკვა, რომ ობიექტების დიდი უმრავლესობა, ძირითადად, ე.წ. ოჯახური ტიპის სასტუმროები, უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებენ. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2015 წლის 10 მაისს ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში“ მომხდარი ხანძარი, რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა", - წერია კანონპროექტის არგუმენტირების ნაწილში. 

სახელწიფო მცირე საოჯახო ტიპის ობიექტებს არ ამოწმებს და არც აჯარიმებს, ვინაიდან ამ სასტუმროებში, ადგილების რაოდენობა 100 ადამიანზე ნაკლებია. მოქმედი კანონმდებლობით, მკაცრად არის განსაზღვრული, რომ  სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობა მხოლოდ იმ ობიექტებზე შედის, სადაც 100 ადამიანზე მეტი თავსდება.

თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, მაშინ სახელმწიფო შეამოწმებს: 

1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების კუთვნილი შენობა-ნაგებობებს;

2. საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სპორტული, სამედიცინო და სანახაობრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს;

3.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ობიექტებს;

4. 28 მეტრზე მაღალი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს;

5. ორი და მეტი მიწისქვეშა სართულის მქონე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებს;

6. მრავალფუნქციური შენობები და კომპლექსები, სავაჭრო ცენტრები და კომპლექსები, ჰიპერმარკეტები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, სასტუმროების (მათ შორის, საოჯახო სასტუმრო), ტურისტული ბაზების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კემპინგების და საზოგადოებრივი კვების ობიექტის (რესტორანი) შენობა-ნაგებობებს;

7. 2000 მ2 და მეტი საერთო ფართობის მქონე საცალო და საბითუმო სავაჭრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები/ტერიტორია; სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სადგურები, აგრეთვე, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა-ნაგებობებს;

8. 500 მ3 და მეტი ჯამური მოცულობის ავზების მქონე ნავთობის ბაზები და ტერმინალები, ავტოგასამართი სადგურებისა და კომპლექსების (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები), თბო და ჰიდროელექტროსადგურების შენობა-ნაგებობებს;

9. 1000 მ2 და მეტი ფართობის მქონე ხანძარსაშიში ნივთიერების, მასალის, პროდუქციისა და ნედლეულის სასაწყობო შენობა-ნაგებობები და სათავსები; მარცვლეულის შესანახი ან/და გადამამუშავებელი საწარმოები (წისქვილკომბინატები), აფეთქებახანძარსაშიში ობიექტები, აგრეთვე, ხანძარსაშიში ობიექტები, რომლებსაც აფეთქებახანძარსაშიში სათავსი ან/და უბანი აქვს; სახანძრო ჰიდრანტები (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა).

საქსტატის ცნობით, საქართველოში 2017 წელს 15 222 ხანძარი დაფიქსირდა.  

 

ამავე კატეგორიაში