სასმელი წყლის მოთხოვნით გზა გადაიკეტა

03 მაისი 2018, 00:00 2815 ნახვა

სოფელ კვირიკეში, მოქალაქეებმა საავტომობილო გზა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით გადაკეტეს.

ადგილობრივების თქმით, ოჯახებს სასმელი წყალი  უკვე ერთი კვირაა გრაფიკით მიეწოდებათ.

ისინი ყვებიან,რომ სოფელში სამშენებლო კომპანია ინერტულ მასალას მოიპოვებს.  სამუშაოების დროს  ხშირია აფეთქებებიც.აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ წყლის რეზერვუარი ერთ-ერთი ასეთი აფეთქების დროს დაზიანდა.

მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებიც დაიბზარა.დაშრა წყაროს წყლებიც.

ლოდებით დატვირთული მძიმე ტექნიკა კი სოფლის გზას აზიანებს.

ქობულეთის მერი წყლის რეზერვუარის დაზიანების ფაქტს არ ადასტურებს.  მირიან ქათამაძის თქმით, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან. ამბობს, რომ სოფელ კვირიკეს მოსახლეობას წყალი უკვე წლებია გრაფიკით მიეწოდება. ახალ მარაგებზე კი მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

‘’ რეზერვუარებში წყალმა იკლო, მაქსიმალურად გრაფიკზე იქნა გადაყვანილი. ‘’სოფლის წყალი’’ მთლიანად არის ჩართული პროცესში. დამატებითი რესურსი იქნა მოძიებული იმისათვის, რომ ამ პერიოდში, გვალვიანობის დროს, წყლის მიწოდება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ოჯახებს საკუთარი წყლის ავზები აქვთ გაკეთებული. კონკრეტულ უბნებზე, სადაც ასეთი რეზერვუარები იყო, ''სოფლის წყალმა'' ცენტრალურ მაგისტრალზე, მილებით დაერთება უზრუნველყო. უახლოეს პერიოდში  სიტუაცია გამოსწორდება. მიმდინარეობს ახალ მარაგებზე მუშაობა. გრაფიკი არა მარტო კვირიკეშია, ეს სხვა სოფლებსაც ეხება’’ - ამბობს ქობულეთის მერი.

რაც შეეხება დაზიანებულ საავტომობილო გზას და ინფრასტრუქტურას. მირიან ქათამაძე ამბობს, რომ კარიერის მომპოვებელ და გადამზიდავ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმება მიღწეულია,  ისინი მზად არიან ხელშეკრულება გააფორმონ და სამუშაოების შედეგად მიყენებული ზარალი აანაზღაურონ.

პროცესებში ჩართულია არიან სოფელ კვირიკეს მკვიდრებიც. მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი შეხვედრა დღეს შედგება.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში