ბათუმში სკოლის მოსწავლეს ავტომობილი დაეჯახა 

01 მაისი 2018, 00:00 3622 ნახვა

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე, 6 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. 

მოქალაქეებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისულ მედიკოსებს, არასრულწლოვანი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში დახვდათ გადაყვანილი.

თვითმხილველების თქმით, მოზარდი კლინიკაში მძღოლმა გადაიყვანა, რომელიც ავარიის დროს საჭესთან იჯდა. 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას შესაბამისი კვლევები უტარდება. არასრულწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

''მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით შემოვიდა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია. შესაბამისი კვლევები უტარდება და მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ბიჭს მრავლობითი ზედაპირული ტრავმა აქვს'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან პედიატრმა ხათუნა კაკაბაძემ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში