ირაკლი ჭეიშვილი ღირსებისა და პატივის აღსაღდგენად სასამართლოშია

01 მაისი 2018, 00:00 2642 ნახვა

ირაკლი ჭეიშვილი მედეა ვასაძისა და მურმან დუმბაძის წინააღმდეგ. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

2015 წელს, ბათუმის საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, ვასაძესა და დუმბაძეს სასამართლოში უჩივლა. ირაკლი ჭეიშვილმა მაშინ პროკურატურასაც მიმართა და ცრუ დასმენის ფაქტის მოკვლევა თხოვა.

ის ბოდიშის მოხდას და ფულადი კომპენსაციის სახით, 20 000 ლარის გადახდას ითხოვს. 

საქმის განხილვა სამი წლის შემდეგ, დღეს, 1 მაისს დაიწყო.

საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატის მედეა ვასაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2013 წლის სექტემბერში, მთავრობის აპარატის თავმჯდომარის ავტომობილმა სარფის საზღვარი რამდენჯერმე გადაკვეთა. ერთ-ერთი გადასვლის დროს კი, ტრანსპორტში მყოფი მოქალაქე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე დააკავეს.

მედია ვასაძემ ნარკოტიკების გადატანაში ბრალდებული ერთი პირი ირაკლი ჭეიშვილს დაუკავშირა და სწორედ ამიტომ უჩივლა ჭეიშვილმა დეპუტატს  სასამართლოში, რეპუტაციის შელახვის  ბრალდებით. 

ვასაძე ამბობს, რომ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია სანდო წყაროსგან, კონკრეტულად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ჰქონდა.

მოსარჩელე მხარე სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა: ''ჩემი ადვოკატი თბილისელია, შესაბამისად, დაახლოებით ერთი წელია მასთან კომუნიკაცია არ მქონია. სასამართლო პროცესის დაწყების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავიგე. გამიკვირდა სამი წლის შემდეგ, აღარც კი ველოდებოდი პროცესს. ერთი საათია რაც მე და ჩემი ადვოკატი ვსაუბრობთ" - განაცხადა ჭეიშვილმა პროცესზე.

ვასაძესა და დუმბაძეს ადვოკატი არ ჰყავთ. პროცესებზე  მათ ინტერესებს მედეა ვასაძე დაიცავს.  ''ჩვენ ამ საკითხისადმი პოლიტიკური ინტერესი არ დაგვიკარგავს. არ ვაპირებთ მოსარჩელე მხარესთან რაიმე შეთანხმებაზე წასვლასა, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნის და საზოგადოების ღალატი იქნება. არ გვსურს ამ საქმეზე მსჯელობა და გადაწყვეტილების გამოტანა გაჭიანურდეს'' - ამ სიტყვებით მიმართა მედეა ვასაძემ მოსამართლეს. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში