ვითარება სომხეთის დედაქალაქში

23 აპრილი 2018, 00:00 2537 ნახვა

სომხეთის პირველი ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ რესპუბლიკის მტრები ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით ხარობენ. კარემ კარაპეტიანმა განცხადება თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად თვითაღიარებული არცახისა  და აზერბაიჯანის საზღვარზე მოწინააღმდეგეები სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენენ. პოლიტიკოსის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს რისკი და საფრთხეები, რომელიც დაუფიქრებლად გადადგმულ ნაბიჯებს მოჰყვება. ,,არ შეიძლება ჩვენი მოქალაქეები დავადანაშაულოთ იმისთვის, რომ საკუთარი აზრის გაჟღერება სურთ, თუმცა მოვუწოდებთ ყველამ გამოიჩინოს აზრის გამოხატვის კულტურა. " - დასძინა კარაპეტიანმა. 

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა მომიტინგეთა მხარეს გადასვლის შესახებ დემონსტრანტების მოწოდებას სამართალდამცველთა მისამართით, დემაგოგია უწოდა. 23 აპრილის პრესკონფერენციაზე ვიგენ სარქისიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები სამშობლოს ღალატის ტოლფასია. ,,იმის თეორიულადაც წარმოდგენა, რომ ხელისუფლება გადადგა და  შექმნილ სიტუაციაში მე უფლებამოსილება მოვიხსენი, ნიშნავს, რომ სისტემას არ წარმოვადგენ." -დასძინა მან და განაცხადა, რომ დიალოგი ყოველთვის შესაძლებელი და აუცილებელია, ვიდრე წითელი ხაზი არ გადაიკვეთება. მინისტრმა სომეხი ხალხის დაპირისპირებას დაუშველები და გაუმართლებელი უწოდა. მან აღნიშნა, რომ პრემიერი სერჟ სარგსიანი მზად არის ნებისმიერ ოპონენტს მოუსმინოს, თუ დიალოგისთვის მზაობა იქნება. ,,ჩვენ გონიერი ერი ვართ და საკუთარი პრობლემების მოგვარებას  საღი აზროვნებით შევძლებთ" - დასძინა თავდაცვის მინისტრმა. ვიგენ სარგისიანმა სომხეთში დესტაბილიზაცია ბაქოს მხრიდან მომდინარე აგრესიად შეაფასა. 

ამავე კატეგორიაში