ქორწინების მოტივით 75 არასრულწლოვანმა სწავლა შეწყვიტა

10 აპრილი 2018, 00:00 5743 ნახვა

ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარასა და მარნეულშია. 2017 წელს იძულებით ქორწინების 6 ფაქტი, თავისუფლების უკანონო აღკვეთის 41 შემთხვევა დაფიქსირდა, სკოლაში სწავლა შეწყვიტა 75-მა მოზარდმა, 835 არასრულწლოვანი კი მშობელი გახდა.

ადრეულ ასაკში ქორწინება არის რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ–ერთს სრულწლოვანების ასაკისთვის ჯერ არ მიუღწევია.

მსგავსი ქორწინება ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლოატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას არღვევს.

‘’ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ რჩება გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ გამოვლინებად, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალთა და გოგონათა უფლებრივ მდგომარეობაზე’’ - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია აიკრძალა, რამაც შემთხვევათა შემცირებაზე დადებითი გავლენა იქონია.

ომბუდსმენი ანგარიშში უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაზეც საუბრობს:  ‘’შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს,  სამართალდამცავ უწყებებსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაცია ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით, სუსტია. ამას მოწმობს ისიც, რომ სოციალური სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 98 შემთხვევა  შეისწავლა’’.

საქართველოში, მათ შორის აჭარაში ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ქორწინების იძულების მუხლით, გამოძიება 6 ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით 5 შემთხვევაში მოკვლევა შეწყდა,ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.

ამავე კატეგორიაში