ფეხბურთის მოედანზე შავკანიანი სტუდენტები ხელკეტებით სცემეს

09 აპრილი 2018, 00:00 2526 ნახვა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც  ჩანს, რომ მამაკაცთა ჯგუფი ფიზიკურად უსწორდება შავკანიან სტუდენტებს, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ უბნის ეზოში, მოედანზე ფეხბურთს თამაშობდნენ. 

ვიდეოში, მამაკაცები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ მათ და აგრესიულად მოუწოდებენ, დატოვონ ტერიტორია.

ვიდეო საკუთარ ფბ გვერდზე ერთ-ერთმა დაზარალებულმაც გამოაქვეყნა. იგი ამტკიცებს, რომ პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ მომხდარზე რეაგირება არ ჰქონიათ. 

ნეტგაზეთის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბელიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა სტუდენტების ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიება სამართალდამცველებს არ დაუწყიათ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით.

''წლის ტროლინგი'' (ტყუილი)

სოციალურ ქსელში ინციდენტის განხილვისას, მოქალაქეების ნაწილი ამტკიცებს, რომ ძალადობა მოედნიდან ბავშვების გაძევებას მოყვა და ძალადობის ფაქტს ნაწილობრივ ამართლებს. მათი არგუმენტები კი ფეისბუქ გვერდზე ლუკა შონიას კომენტარს ეყრდნობა.

ლუკა კომენტარში წერდა, რომ ინციდენტში დამნაშავეა სტუდენტები, რომლებმაც მისი 12 წლის ბავშვი გამოაგდეს მოედნიდან და შეურაცხყოფა მიაყენეს.  მშობლები კი ხელკეტებით მათ დასაცავად გავიდნენ.

მოგვიანებით, ლუკა შონიამ სოციალურ ქსელშივე დაწერა, რომ მოიტყუა. ტყუილის მოტივს კი იმით ხსნის, თუ  რამდენი ადამიანი  გაამართლებდა ძალადობას  გადაუმოწმებელი კომენტარის საფუძველზე. 

"დღევანდელი ჩემი კომენტარი ემსახურებოდა იმას, რომ სანამ რაიმე პოსტს ჩავეჭიდებით, გადაუმოწმებლად დავაშეარებთ და არგუმენტად გამოვიყენებთ, იქნებ დავფიქრდეთ რამდენად სიმართლეა. იქნებ იქ ისეთი რამ წერია, რისი მოსმენაც გვინდა და ამიტომ უფრო გვჯერა. უფრო მეტი ნათელი რომ მოვფინო: ჩემი დღეს დაწერილი პოსტი არის მთლიანად სიცრუე და სატირა, ტროლინგი, იმ სავარაუდო "გაპრავებებისა" რაც ჩემი დახმარების გარეშეც აუცილებლად გაჩნდებოდა. ასე, რომ  სანამ ''ზანგს'' (ფერადკანიანს) მოედნიდან გავაგდებთ, იქნებ კარგად დავფიქრდეთ ჩვენი მომავლისთვის ეს კარგია თუ ცუდი #NoToRacism" - წერს ლუკა თავის ფბ გვერდზე.

 ინციდენტი, გუშინ, 8 აპრილს, თბილისში მოხდა. ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ამავე კატეგორიაში