ბათუმში ცხრასართულიანი სახლი გაიბზარა

06 აპრილი 2018, 00:00 2713 ნახვა

გორგილაძის ქუჩის  N86- ა კორპუსს ბზარები გაუჩნდა. დაზიანებულია სახლის მხოლოდ ერთი ნაწილი. პირველი სადარბაზოს უკანა ხედი. ბზარი მეორე სართულიდან იწყება და მეცხრე სართულამდე გასდევს. 

 კორპუსის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ პირველად ბზარები დაახლოებით 4 წლის წინ შენიშნეს და მას შემდეგ ყოველწლიურად ფართოვდება.

წელს პატარა ნაპრალები კიბის უჯრედებთანაც გაჩნდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი კორპუსის ბოლო სართულებზეა. 

‘’ყოველდღიურად შიშის ქვეშ ვცხოვრობთ, პატარა მიწისძვრაც საკმარისია ტრაგედიისთვის, სახლი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. ისე შევშინდით ექსპერტიზას მივმართეთ დაგვედგინა, რამდენად სახიფათოა აქ ცხოვრება. ბზარები რატომ გაჩნდა არ ვიცით, ველოდებით დასკვნას, გვეშინია, მაგრამ სად წავიდეთ?’’ - ამბობს გორგილაძის 86 ა ნომერში მცხოვრები. 

კორპუსის ამხანაგობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს თბილისიდან ელოდება, სპეციალისტები ადგილობრივებმა საკუთარი ფინანსებით დაიქირავეს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ობიექტის შესწავლა დაიწყება. 

ამხანაგობის თავმჯდომარე თენგო ვაჩეიშვილი ყვება, რომ ფაქტის შესახებ ბათუმის მერიაში იციან.

‘’განცხადება ერთხელ დავწერე, მაგრამ მერიაში მითხრეს ეს ზედამხედველობას არ ეხებაო. მერე არქიტექტორმა მითხრა ''ბათუმის კორპუსს'' უნდა მიმართოო, შემდეგ არჩევნები იყო, რაღაცეები შეიცვალა. იანვარში აჭარის ტელევიზიაში ამხანაგობის თავმჯდომარეები მიგვიწვიეს, ეთერში ამ პრობლემაზე ვისაუბრე, იქვე დამპირდა მერიის წარმომადგენელი, რომ ზაფხულამდე პრობლემას მოაგვარებდა,’’ - იხსენებს თენგო. 

ამხანაგობის თავმჯდომარე ეჭვობს, რომ ბზარები კორპუსის გვერდით ახალი, მრავალსართულიანი სახლის აშენებამ გამოიწვია: "მშენებლობის დროს ძალიან ღრმა საძირკველი გაითხარა". 

ბათუმის მერიის წარმომადგენელი რუსთაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მამუკა ცხვარაძე ამბობს, რომ ფაქტის შესახებ დაახლოებით 20 დღის წინ გაიგო, პროცესებში ჩართულია და მოსახლეობასაც შეხვდა. მერიაც ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. 

‘’ სახლი ნამდვილად არასახარბიელო მდგომარეობაშია, ბზარები აქვს, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი მეშვიდე სართულის ზემოთაა. ეს რისი ბრალია და რატომ მოხდა დასადგენია, სახლის პირველ სართულზე მაღაზიაც გაკეთდა, მაგრამ კონკრეტულად ვისი ბრალეულობის გამოა ეს, სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ. თუ სახლის დემონტაჟი გახდა საჭირო, ოჯახების განსახლების თანხებს სავარაუდოდ მერია აიღებს. არა მგონია, რომ ასე კატასტროფულად იყოს საქმე, მაგრამ მე ექსპერტი არ ვარ, ‘’ - ამბობს მამუკა ცხვარაძე.

ვიდრე ექსპერტები დასკვნებს დადებენ, მოქალაქეებმა ზუსტად იციან, რომ სიტუაცია საგანგაშოა. მეტი დამაჯერებლობისათვის, გვიყვებიან რომ ერთ-ერთ ბინაში აბაზანაში მეტლახიც აიყარა. ზოგიერთ ნაწილში კი, ნაპრალის სისქე მზის სხივებსაც ატარებს.

მრავალსართულიან სახლს წინა მხარეს მიშენებები აქვს. გაფართოებულია აივნები. 

ამავე კატეგორიაში