''ბათუმის'' კიდევ ერთი შეხვედრა მაყურებლის გარეშე და ფეისბუქ ლაივი აჭარის ტელევიზიით

04 აპრილი 2018, 00:00 4523 ნახვა

ხვალ, 5 აპრილს, ბათუმის საკალათბურთო კლუბი, სუპერლიგაში 27-ე შეხვედრას ჩაატარებს. ბათუმელები ბათუმის სასპორტო სკოლის დარბაზში, თბილისურ „კაკტუსს“ უმასპინძლებენ. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 40-40 ქულა აქვს და ჩემპიონატში მეოთხე და მეხუთე ადგილებს ინაწილებენ, თუმცა მასპინძელ კლუბს ერთი სარეზერვო შეხვედრა აქვს ჩასატარებელი.
წინა მატჩის მსგავსად, ხვალინდელი შეხვედრაც გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, 24-ე ტურში „ბათუმისა“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირების დროს, ბათუმელი გულშემატკივარი სათამაშო მოედანზე შეიჭრა და მსაჯის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა, რის გამოც ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკური კომისიის მხრიდან „ბათუმი“ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 
ხვალინდელი შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მატჩის ფეისბუქ-ლაივს შემოგთავაზებთ.

ლევან დევაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში