რამდენი ასწლოვანი ხე გაიტანეს აჭარიდან? - პირველი ''ტიტა-ხე'' ზღვით 2 წლის წინ გავიდა

26 მარტი 2018, 00:00 8417 ნახვა

მწვანე კონცხზე, სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან, მრავალწლოვანი ხე წასაღებადაა გამზადებული. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია გადათხრილია, ადგილზე უკვე ორ თვეზე მეტია მძიმე ტექნიკა მუშაობს. 

სტუდენტები ყვებიან, რომ უსაფრთხოების განცდა არ აქვთ. ცხოვრება კი მუდმივ შიშში უწევთ. ''ხე საცხოვრებელთან იმდენად ახლოსაა, რომ აივნებიდან ჩახერგილი მიწაც ჩანს. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს დისკომფორტს გვიქმნის. ვეჭვობთ, რომ გეოლოგიური დასკვნაც არ აქვთ. სამუშაოები კორპუსთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს''    

მწვანე კონცხის საერთო საცხოვრებელში, ამ ეტაპზე 60-მდე სტუდენტი ცხოვრობს. ისინი სექტემბერში ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში გადავლენ.

რეგიონიდან ხეების გატანის პროცესი ორ წელს ითვლის. 

ზუსტად 24 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველად იხილეს უცნაური სანახაობა, გიგანტური ხე ზღვაში. 2016 წლის 25 მარტს, ციხისძირიდან, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, გიგანტური ტიტა -ხე ბორანის მეშვეობით გადაიტანეს. 

ორი წლის შემდეგ, ზუსტი ციფრი, რამდენი ხე ამოითხარა და გადავიდა, სავარაუდოდ, დენდროლოგიურ პარკში უცნობია, თუმცა ''მოსიარულე ხეები" აჭარის მოსახლეობის ყოველდღიურობა გახდა. 

პირველი ტიტა-ხე ბორანით კომპანია "ზიმომ" გაიტანა, მისი ხელმძღვანელი ირაკლი შანავა ამბობს, რომ მას შემდეგ, დაახლოებით, 60 მდე ხე იქნება ზღვით თუ ხმელეთით ტრანსპორტირებული გურიის მიმართულებით. 

მრავალწლოვანი ხეები გაიტანეს ქობულეთის სოფლებიდან:​ კვირიკე, ხუცუბანი, გელაური, ბობოყვათი.  ხეები წასაღებად გამზადებულია ზენითისა და მწვანე კონცხზე. 

ასწლოვანი ხეები წაიღეს ციხისძირიდან, მახინჯაურიდან დაჩაქვიდან.

ხეების გატანისთვის მოიჭრა და დაიბელა ყველა ის ხე მცენარე, რომლებიც გზის პირას მდებარეობდა, ხეების ტრანსპორტირებას მოყვა მრავალსაათიანი საცობები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

ნაციონალური მოძრაობის წევრები აქტიურად აპროტესტებენ ხეების გადატანას და აცხადებენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფა ხდება რეგიონში. ხელისუფლება კი არ რეაგირებს, რადგან დამკვეთ ბიძინა ივანიშვილია. 

აჭარის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ასწლოვანი ხეები გატანა ყველა კანონის დაცვით ხდება და ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება აქვს ხეების გადამტან კომპანიებს. 

ვიდეო: ნია ჯანჯღავა

ამავე კატეგორიაში