გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა: ''მომხდარზე პასუხისმგებლობას კლუბს, ექიმებს, მწვრთნელებს და ფედერაციას ვაკისრებ''

21 თებერვალი 2018, 00:00 2142 ნახვა

ფეხბურთელის შოთა მამინაშვილი 2017 წლის ოქტომბერში, თამაშის დაწყების წინ, მოედანზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. 

გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფეხბურთელს ჯანმრთელობის  პრობლემები ჰქონდა. ფეხბურთელის დედის ინფორმაციით, დასკვნაში ნათქვამია, რომ მამინაშვილს გულ-სისხლძარღვთა შევიწროება ჰქონდა,ასევე აწუხებდა ფილტვი და თირკმელი. 

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედამ, გადაცემა "რეაქციაში" საფეხბურთო კლუბების ადმინისტრაცია და ექიმები დაადანაშაულა, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა შოთა მამინაშვილი და მას სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. ასევე, გარდაცვლილის დედა მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ვიღაცის დაკვეთით გამოძიება შეწყვიტა. 

"ჩვენ სამართლებრივ დავას ვაპირებთ, საერთაშორისო დონეზე უნდა გავიტანოთ ამბავი, რომ საქართველოში სპორტსმენებს სამედიცინო შემოწმებები გარეშე ათამაშებენ. მე ვიწყებ ბრძოლას" - განაცხადა გარდაცვლილი ფეხბურთელის დედამ, ანა იაშვილმა - "მთელი ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ველოდებოდით, ჩემი შვილი იყო უჯანმრთელესი და პასუხი დაიდო, რომ თურმე ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა შევიწროება, ფილტვი დახურული, თირკმელი გაუბედურებული. მინდა მივმართო ექიმებს,  კლუბის ხელმძღვანელს, არა მარტო კლუბ "ზუგდიდის" მენეჯმენტს, სადაც ჩემი შვილი ბოლოს თამაშობდა, არამედ მივმართო ქობულეთის ''შუქურასაც", რატომ არ ჩაუტარდა 2014 წლის ივნისის შემდეგ სამედიცინო შემოწმება".  

ფეხბურთელის დედა ამბობს, რომ თუ სამედიცინო შემოწმება გავლილი აქვს სპორტსმენს ეს ფედერაციაში ინახება, ამ ცნობის გარეშე წესით კლუბში ვერ უნდა ითამაშოს სპორტსმენმა. "ჩემს შვილს არ აქვს გავლილი შემოწმება და არც ცნობა დევს ფედერაციაში. ფაქტიურად მე ვადანაშაულებ ექიმებს, ვადანაშაულებ კლუბის ხელმძღვანელობასაც იმიტომ, რომ 31 მარტს ითამაშა გურიასთან და იქაც გამხდარა ცუდად... ეს ჩვენ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგეთ, ამ დროს სად არის ექიმის პასუხისმგებლობა, კლუბს რატომ ჰყავს ექიმი სად არის გუნდის პასუხი?"

"მაქვს ინფორმაცია, რომ 10 -12 სპორტსმენია გარდაცვლილი შოთამდე და ყველას მშობელს მისცეს მითითება, რომ გაჩუმებულიყვნენ. ვერაფერს მიაღწევთო ეუბნებიან. რა გამოდის? ვიღებ ექსპერტის ცნობას და გამომძიებელი ხურავს საქმეს, ვეუბნები რატომ და ის მპასუხობს ასე მიბრძანეს... მომხდარზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ კლუბს, ექიმებს, მწვრთნელებს და საერთოდ ფედერაციას" - აცხადებს ანა იაშვილი, გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა. 

საქართველოს ფედერაციაში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე ამ ფაქტზე არ გაკეთებულა, თუმცა ფედერაციაში ზოგადად განმარტავენ წესს, როგორ ხდება კლუბებში სამედიცინო შემოწმება.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ყოველწლიურად, სარეგისტრაციო პერიოდში, ნებისმიერი კლუბი ვალდებულია წარადგინოს განაცხადის ფორმა, რომელიც არის დადასტურებული სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით. ეს დოკუმენტი არის გარანტი იმისა, რომ ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკმაყოფილებულია. 

რაც შეეხება 2017 იყო თუ არ ზუგდიდის კლუბის ჩამონათვალში შოთა მამინაშვილი? ამ კითხვაზე ფედერაცია პასუხს ვერ გვცემს, რადგან ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ გამორიცხულია ვინმე გამოტოვებული იყოს განაცხადში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით საქმე შოთა მამინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე შეწყდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ფეხბურთელს გულ-სისხლძარღვთა შევიწროვება დაუდგინდა, რაც იყო სიკვდილის გამომწვევი. 

საქმე სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობდა. 

 

 

ამავე კატეგორიაში