არის თუ არა უფასო წითელას აცრა? - როგორ უნდა მოიქცეთ თუ კლინიკაში თანხა მოგთხოვეს

16 თებერვალი 2018, 00:00 3613 ნახვა

ბოლო ერთი თვეა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი რეგიონში წითელას ვირუსის რეკორდულ მაჩვენებელსა და ეპიდემიურ აფეთქებაზე საუბრობს. ოფიციალური მონაცემებით , იანვრიდან დღემდე აჭარაში წითელას ვირუსის182 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა ბათუმზე მოდის.  

ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ  რიგ შემთხვევებში  მშობლების ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ამიტომ უწყება მოუწოდებს ყველა  40 წელს მიღწეულ მოქალაქეს,  წითელას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა აიკეთოს,  იმისთვის რომ ეპიდემია თავიდან ავიცილოთ. 

წითელას ვაქცინა იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში უფასოა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ, ზოგადად, ვაქცინის გაკეთებისთვის მოქალაქეს დამატებითი ხარჯების  გაწევა არ დასჭირდებოდა,  თუმცა კლინიკების ნაწილი ექიმთან კონსულტაციის თანხას მაინც ითხოვს. 

წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად, აუცილებელია, წინმსწრები ექიმის კონსულტაცია, ეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით არის განსაზღვრული. სწორედ ამ მომსახურებაში ითხოვენ ბათუმის რიგ პოლიკლინიკებში 30 ლარს. 

იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი თანამშრომელი,  ბათუმში, ბარათაშვილის 30 ნომერში  შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრში" პაციენტის რანგში მივედით. ორმა მოქალაქემ ვითხოვეთ უფასო ვაქცინის გაკეთება. 

რეგისტრატურაში თავიდანვე გვითხრეს, რომ ვაქცინა უფასოა, თუმცა საჭიროა თითოეულმა გადავიხადოთ 30 ლარი ექიმის კონსულტაციაში.

ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, რომ ეს მომსახურება მოქალაქეებს უფასოდ გვერგებოდა, ჩვენი პირადი მონაცემები გადაამოწმეს და გვითხრეს, რომ ერთ-ერთი ჩვენგანს კერძო დაზღვევა აქვს და უფასოდ ვერ მოგვემსახურებიან. რა შეეხება მეორე პირს, რომელიც არ იყო დაზღვეული, უთხრეს, რომ პოლიკლინიკაში არ არის რეგისტრირებული. მათ არ შეუთავაზებიათ რეგისტრაციის ადგილზე გავლა.

ჩვენ პოლიკლინიკა ვაქცინაციის გარეშე დავტოვეთ, რადგან ორ ადამიანს 60 ლარის გადახდა მოგვიწევდა. 4 სულიანი ოჯახის შემთხვევაში კი ეს თანხა სოლიდური გამოდის. 

ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადავამოწმეთ. ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ პოლიკლინიკას არ უნდა გამოეშვა ადგილზე მისული პაციენტი შენობიდან.

"სიტუაცია ძალიან რთულია, ამიტომ ჩვენ ყველა პოლიკლინიკის ადმინისტრაცია დავიბარეთ და ვთხოვეთ, რომ ადგილზე მისული პაციენტი არ გამოეშვათ ტერიტორიიდან ვაქცინაციის გარეშე. რაც შეეხება ექიმის კონსულტაციის გამო შექმნილ პრობლემებს,  ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა, თუმცა დაუზღვეველი მოქალაქეებისთვის, პოლიკლინიკებში ეს მომსახურება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ხორციელდება და უფასო უნდა იყოს.  ანუ მოქალაქეებმა ფული არ უნდა გადაიხადონ.   თუ ისე აღმოჩნდა, რომ იქ რეგისტრირებული არ არის მოქალაქე, პოლიკლინიკამ, მისი თხოვნის საფუძველზე, უნდა დაარეგისტრიროს და ჩაუტაროს უფასო კონსულტაცია და ვაქცინაცია“ - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან დაზღვეულ პირებთან დაკავშირებითაც გადავამოწმეთ ინფორმაცია.  ნიჟარაძის განმარტებით, კორპორაციული დაზღვევის მქონე პირებთან  განსხვავებული სიტუაციაა.

არსებობს ორი გამოსავალი, ერთი დაზღვევის ექიმთან მოხდეს ვაქცინის წინა კონსულტაცია და შემოწმებიდან უახლოეს დროში (ერთი საათის შუალედში) შევიდნენ ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეები ან ისარგებლონ პოლიკლინიკებში განთავსებული სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით.  

„მოგეხსენებათ პოლიკლინიკები კომერციული სუბიექტები გახდნენ, ამიტომ ჩვენ ვერ ჩავერევით მათ მუშაობაში. სპეციალურად შევხვდით და ვთხოვეთ კლინიკის მენეჯერებს, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინათ სადაზღვევო კომპანიებთან.  სადაზღვევოს დაეფარა კლინიკის ექიმის კონსულტაციის თანხა ან შენობაში სადაზღვევო კომპანიის ოჯახის ექიმთან მისულიყო დაზღვეული.

როგორც იცით, დაზღვეულებისთვის უფასოა კომპანიის ექიმის მომსახურება და ხშირ შემთხვევაში პოლიკლინიკებში აქვთ სადაზღვევო კომპანიებს საოჯახო ექიმის კაბინეტები“  - აცხადებს ნიჟარაძე და განმარტავს, რომ  პრობლემა სახეზეა, რადგან  მასთან  ბევრი ზარი შევიდა  მსგავსი პრეტენზიებით.

ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკის მენეჯერი დალი დავითაძე კი ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი მის კლინიკაში არ ხდება და არავინ დაიჯერებს, თუ დავწერთ, რომ უფასო ვაქცინაციაზე უარი გითხრეს და კონსულტაციაში თანხა მოგვთხოვეს (რადგან, მათთან უამრავმა ადამიანმა გაიკეთა უფასო ვაქცინაცია). კლინიკის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ისინი უფასოდ ცრიან მოქალაქეებს და, სავარაუდოდ, ჩვენს შემთხვევაში შეცდომა გაიპარა. შემოგვთავაზა ხელმეორედ  მისვლა და დახმარება ვაქცინაციის უფასოდ გაკეთებაში.

თუმცა, იმისთვის რომ ვაქცინა უფასოდ გავიკეთოთ, არ არის სავალდებულო მენეჯერებთან შეთანხმება.

კონსულტაციის, ისევე როგორც ვაქცინის თანხას სახელმწიფო ურიცხავს კლინიკებს. შესაბამისად, თუ მიხვალთ ვაქცინის გასაკეთებლად, რეგისტრატორს მოსთხოვეთ ადგილზევე გაგატაროთ რეგისტრაციაში და გაგიკეთონ უფასო ვაქცინაცია უფასო კონსულტირებასთან ერთად.

ხოლო, თუ კორპორატიული დაზღვევა გაქვთ, დაზღვევის ექიმთან გაიაროთ ვაქცინის წინა შემოწმება და კონსულტაციის ბარათზე მიუთითოთ დრო, უახლოეს ერთ საათში მიხვიდეთ ნებისმიერ პოლიკლინიკაში და უფასოდ გაიკეთოთ ვაქცინა.  

ამავე კატეგორიაში