საქართველოში სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება

25 იანვარი 2018, 00:00 4039 ნახვა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რეზერვისა და მობილიზაციის ახალი კონცეფციას აქვეყნებს. უწყება აქცენტს ტოტალური თავდაცვით პრინციპზე აკეთებს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ახალი სარეზერვო სამსახური წარმოადგენს.

ახალი კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახური იქნება ორი სახის, აქტიური და სამობილიზაციო.

აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი. გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში.  გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი.  კანონპროექტის მიხედვით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი  წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა. 

კონფეციის თანახმად აქტიური სარეზერვო სამსახური სამ ნაწილად დაიყოფა: შეიარაღებული ძალების რეზერვი,  ტერიტორიული რეზერვი და სპეციალისტთა რეზერვი.

მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდებულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა. ამ შემთხვევაში, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები.

თავდაცვის სამინისტროს ახალი კონცეფცია, ნატოს სახელმწიფოების საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის შესახებ დღეს საქართველო პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არსებული სისტემა გამოწვევებს ვერ პასუხობს. 

ამავე კატეგორიაში