ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში - საჯარო განხილვები იწყება

22 იანვარი 2018, 00:00 2922 ნახვა

აჭარის კონსტიტუციურ კანონში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა დაიწყო. რედაქტირებულ ვარიანტზე ხულოში, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ორსაათნახევარი მსჯელობდნენ. „ევროპული საქართველოს წარმომადგენელი“ პეტრე ზამბახიძე,  რომელიც  საორგანიზაციო კომისიის წევრია ფიქრობს, რომ პარლამენტის მიერ განხილულ აჭარის კონსტიტუციურ კანონში ის აუცილებელი ცვლილებები, რომლებიც რეგიონის ინტერესებთან მიმართებით უნდა განხორციელებულიყო, ასახული არ  არის. დეპუტატის თქმით, კონსტიტუციური კანონით რეგიონის უფლებები შემცირებულია.

რეგიონის უფლებების გაზრდაზე საუბრობს ქართული ოცნების დეპუტატი, რომელიც ასევე საორგანიზაციო კომისიის წევრია. ლადო მგალობლიშვილი  მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება  საარჩევნო სისტემასა და  დროებითი კომისიის  მცნების შემოღებას ეხება. მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე ფიქრობს, რომ  ხულოს, შუახევსა და ქედას  საკუთარი მაჟორიტარები უნდა ჰყავდეთ.  

აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ საჯარო განხილვას არ ესწრებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.  ბათუმის ორგანიზაციაში  განცხადება დღეს გაკეთდა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ  წარმოდგენილი პროექტით, აჭარის უფლებამოსილებები შესუსტებულია, მათი შენიშვნები კი, რომლებიც  საარჩევნო სისტემას უკავშირდებოდა, არ გაითვალისწინეს. ოპოზიციას უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პასუხობს. ნინო ჩხეტიას თქმით, პარტიის პოლიტიკური ბოიკოტი უსაფუძვლოა. 

12-წევრიანი საორგანიზაციო კომისია, აჭარის კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, მოსახლეობას ხვალ შუახევის მუნიციპალიტეტში  შეხვდება. შეხვედრების დასრულების შემდეგ,  უმაღლესი საბჭო დადგენილებას სამი მოსმენით მიიღებს და ცვლილებების პროექტს დასამტკიცებლად პარლამენტს  გადაუგზავნის.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში