"სასწრაფოდ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა" - კულტმემკვიდრეობის დამცველების წერილი ლაშა კომახიძეს

22 იანვარი 2018, 00:00 5039 ნახვა

 

კულტურული მემკვიდრეობის დამცველების სახელით, ორგანიზაცია „ბათომი“  ლაშა კომახიძეს მიმართავს. საზოგადოება თხოვს ქალაქის მერს  სასწრაფოდ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა   შესაბამისი რეგულაციებით და შეწყდეს ძველი ქალაქის ნაწილში ძველი ბათუმის  ურბანული ქსოვილის რღვევა. 

"2018 წელს, თქვენი მერად არჩევის შემდეგ, ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში  ისტორიული სახლების დემონტაჟი ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს გვაფიქრებინებს, რომ თქვენი დაპირება ძველი ბათუმის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ, არ ან ვერ იქნა აღქმული შესაბამისად იმ საბჭოს მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია მერიის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებით.

ამასთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქის მმართველობა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, როგორ აპირებს ისტორიული გარემოს შენარჩუნებას. ისტორიული შენობების ნგრევისას მერია თავს იმართლებს, ნაცვლად იმისა, რომ გააკრიტიკოს საბჭოს გადაწყვეტილება და დააანონსოს ქმედითი ნაბიჯები აქამდე გაცემული ნებართვების შესწავლის შესახებ. 

სადავო არ არის, რომ ურბანულ კრიზისამდე მიყვანილ მდგომარეობას ამძიმებს ნებისმიერი დანგრეული შენობა, რომელიც პირდაპირპროპორციულია ძველი ქალაქის  ფასეულობებისა და თვითმყოფადობის განადგურების. 

ორგანიზაცია „ბათომის“ და ისტორიული  ქალაქის დამცველებისთვის უცნობია კიდევ რამდენი ისტორიული სახლის დანგრევის „კანონიერი“ ნებართვაა გაცემული თქვენ მერობამდე. 

დანგრეული სახლების თაობაზე რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ამ სახლების დანგრევის ნებართვა თქვენი   მერობის პერიოდში არ გაცემულა, თუმცა თქვენ ხართ მემკვიდრე ბათუმის მერიის ყველა გადაწყვეტილების და გაქვთ ქალაქისა და მოქალაქეების ღირებულებების დაცვის ვალდებულება.

თუ თქვენც ფიქრობთ (და ეს არაერთხელ აღნიშნეთ), რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების შენარჩუნება, აუცილებელია სასწრაფოდ იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი ზომები:

  1. უნდა გადაიხედოს მშენებლობისა და დემონტაჟის ნებართვები, რომლებიც ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაიცა და ჯერჯერობით სისრულეში არ არის მოყვანილი.
  1. მერიამ უნდა შეძლოს და ქალაქის შენარჩუნებისთვის მოძებნოს საკანონმდებლო საფუძველი ამ ნებართვების გაუქმებისთვის, შესთავაზოს მენაშენეებს ალტერნატივა.

თქვენი განცხადება, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს არ ანგრევთ, კულტურული მემკვიდრეობის დამცველებისთვის გაუგებარია.  ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ქალაქის მმართველობაში ვერ ან არ იაზრებთ ფაქტს, რომ  ისტორიული ქალაქის შემადგენელი ნაწილი მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ არის.

შეგახსენებთ, რომ ისტორიული განაშენიანება შედგება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ასევე ასეთი სტატუსის არმქონე, ე.წ. ფონური, ისტორიული შენობებისგან. ყველა ის ბელეტაჟი თუ ორსართულიანი სახლი, რომელიც ქმნის ძველი ბათუმის ქუჩების ხასიათს და დინამიკას, უნარჩუნებს ქალაქს მის პირვანდელ სახეს და განწყობას. თუ ამ შენობებს დავანგრევთ, გავანადგურებთ ქალაქის ისტორიულ კონტექსტს. ცალკე აღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი არ ქმნის ქალაქის ურბანულ ქსოვილს, არამედ მთლიანი განაშენიანება.  ამიტომ აუცილებელია სწორედ ეს ისტორიული, ურბანული განაშენიანება ვაღიაროთ მემკვიდრეობად და ყველაფერი გავაკეთოთ მის შესანარჩუნებლად. 

თუ ეს მიდგომა არ გავითავისეთ და ნგრევის პოლიტიკა გაგრძელდა, ჩვენ დავუკარგავთ ქალაქს მდგრადი ეკონომიკური, კერძოდ, ტურისტული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რესურსს, რომელსაც სწორი განვითარების შემთხვევაში უნდა მოეტანა კეთილდღეობა, ეკონომიკური აღმავლობა და დასაქმება პირველ რიგში ამ უბანში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ვითხოვთ, სასწრაფოდ დამტკიცდეს ძველი ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა  შესაბამისი რეგულაციებით. მერიამ ამისთვის რამდენჯერმე დახარჯა საბიუჯეტო თანხები და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი დოკუმენტიც (ისტორიულ– კულტურული საყრდენი გეგმა)  არსებობს.

ბათუმის მერიის და ქალაქის მერის ძველი ბათუმის გადარჩენის ყველა მცდელობა ამაოა ბათუმის ისტორიული ზონის გამოცხადებისა და სამართლებრივი დაცვის, რეგულაციების დაწესების გარეშე. ასევე, შეუძლებელი გახდება თქვენ მიერ შემოთავაზებული წინადადების განხილვა საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობისას, რაც დარწმუნებულები ვართ, თქვენი გულწრფელი პოზიცია იყო. 

როგორც იცით, 2018 წელი ევროკავშირმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წლად გამოაცხადა. ეს არის ძალიან კარგი შანსი ბათუმისთვის, ჩვენთვის და თქვენთვის,როგორც ქალაქის მერისთვის, ყველაფერი გავაკეთოთ იმის დასამტკიცებლად, რომ ბათუმი ევროპული ღირებულებების მქონე ქალაქია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და 

თუნდაც დაზიანებული ისტორიული გარემოს შესანარჩუნება და განვითარება.

ეს თქვენი გამოწვევა და ჩვენი მოთხოვნაა.

აქვე შეგახსენებთ, კულტურული მემკვიდრეობა ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს რესურსად არის აღიარებული და ამაზე მსოფლიოში აღარ კამათობენ. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო კონვენციები, ქარტიები თუ რეზოლუციები, რომლებსაც საქართველოც არის მიერთებული (მაგ.: ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია საზოგადოებისთვის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ (2005 წ.) და გაეროს რეზოლუცია - „ახალი ურბანული დღის წესრიგი“.) საქართველოს აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება უპირველ ყოვლისა საკუთარი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.

 

კულტურული მემკვიდრეობის დამცველების სახელით,

ორგანიზაცია „ბათომი“

 

 

 

 

  

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში