შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშვებული უზუსტობა აღიარა

15 იანვარი 2018, 00:00 2761 ნახვა

„IDFI“-ის ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. დავის დაწყებიდან მეოთხე წელს, უწყებამ აღიარა, რომ 3 წლის წინ ფაქტობრივი უზუსტობები და ცილისმწამებლური განცხადება გაავრცელა. საუბარია ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2014 წლის 17 დეკემბერს განთავსებულ განცხადებაზე, სადაც მოცემულია არასწორი ფაქტობრივი გარემოებები: „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“. აღნიშნული გამონათქვამი არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას, კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც გიორგი კლდიაშვილს მოჰქონდა ხელოსნისაგან.

კიდევ ერთი ცილისწამება ეხებოდა იარაღის ტარების უფლებას. დღეს გავრცელებულ განცხადებაში შსს აღნიშნავს, რომ იარაღი მართლაც გიორგი კლდიაშვილის საკუთრება იყო და მისი მხრიდან სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. ასევე არაზუსტია განცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“. სინამდვილეში თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 12 დეკემბრის განაჩინებით დაადგინა, რომ მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. გიორგი კლდიაშვილმა 2015 წლის 05 ივნისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც მოითხოვდა ზემოთ აღნიშნული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე სწორედ აქედან გამომდინარე გამოაქვეყნა მოცემული განცხადება, რათა აღმოიფხვრას ის ფაქტობრივი უზუსტობები, რომლებიც დაშვებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის 17 დეკემბერის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში