ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა

25 დეკემბერი 2017, 00:00 3061 ნახვა

25 დეკემბერი პატრიარქის აღსაყდრების დღეა. უკვე 40 წელია ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უძღვება.

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს და მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა.

ილია მეორე, ერისკაცობაში — ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი,  1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა. 1967 წელს კი აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს.

1969 წელს ილია მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს, 1977 წლის 9 ნოემბერს კი დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.

ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია. საქართველოს კათალიკოს პატრიარქის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადაიტანეს და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები: ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში სასულიერო სემინარიები.

უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების ორმოცი წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.

2018 წლის 4 იანვარს პატრიარქს 85 წელი უსრულდება.

ამავე კატეგორიაში