‘’საკალათბურთო სამყაროში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არ შევეგუებით’’ - პაატა გურასპაული

22 დეკემბერი 2017, 00:00 3135 ნახვა

''საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მსგავს ფაქტებს გმობს და მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს'' - განცხადება ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა.  პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის პოზიცია გააცნო.

‘’სპორტულ სამყაროში არსებული მორალური და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არ შევეგუებით. მით უმეტეს, რომ სპორტის ეს სახეობა ყოველთვის გამოირჩეოდა საერთაშორისო სპორტული სამყაროს მიერ აღიარებული სამართლიანი თამაშის პრინციპების ერთგულებით. ვითანამშრომლებთ სამართალდამცველებთან, რათა დროულად და სრულყოფილად იქნეს გამოძიებული აღნიშნული ფაქტი.  მოხდეს ყველა იმ პირის დასჯა, ვისაც  შეხება ჰქონდა დანაშაულთან - აცხადებს პაატა გურასპაული.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ქართული საკალათბურთო სამყაროსთვის მიუღებელი ქმედებების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის, მადლიერებას გამოხატავს. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი და ამავე კლუბის თანამფლობელი დააკავეს.

ამავე კატეგორიაში