ჩაწყობილი თამაშების საქმეზე მსაჯები და მწვრთნელი დააკავეს

22 დეკემბერი 2017, 00:00 3867 ნახვა

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს. ცნობილი გახდა, რომ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების - ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას ახდენდნენ. ჩაწყობილი თამაშების შემდეგ კი თანხას იღებდნენ.

‘’ ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი. 2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს’’ - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ამავე კატეგორიაში