აფეთქების შედეგად დაზარალებულებს ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებენ 

19 დეკემბერი 2017, 00:00 3509 ნახვა

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის 9 მაცხოვრებელი გადავა თუ არა სხვა უბანში საცხოვრებლად, ამ საკითხის გარკვევას  აჭარის მთავრობა ცდილობს. ახვლედიანის ქუჩაზე დაზიანებული სახლის დემონტაჟის რეკომენდაცია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა. 

ზურაბ პატარაძის თქმით, მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდებიან, ასევე დაზუსტდება ინფორმაცია, რა მასშტაბის კორპუსი აშენდება აღნიშნულ ტერიტორიაზე. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. 

"პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტის, მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ" - განაცხადა პატარაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერს ჩასატარებელ სამუშაოებზე კონკრეტული ინფორმაციების მიწოდება თხოვა. 

ხარიტონ ახვლედიანის 12 ნომერში არსებულ შენობას, სადაც 10 დეკემბერს ბუნებრივი აირი აფეთქდა, სავარაუდოდ დაანგრევენ. საბოლოო დასკვნა ჯერ მიღებული არაა. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან განცხადებით, სახლის რეაბილიტაცია გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის აშენება.

შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, 45 ბინა კი დაზიანდა.

მომხდარზე გამოძიება 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი აირის მოხმარების წესების დარღვევას გულისხმობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში