/მოქალაქის წერილი/ აუნაზღაურებს თუ არა მერია აფეთქების შედეგად დაზიანებული მანქანების თანხას მოქალაქეებს?

14 დეკემბერი 2017, 00:00 9796 ნახვა

ყოფილი ჯინჭარაძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ბინების გარდა, მოქალაქეებს ავტომანქანებიც დაუზიანდა.

აფეთქების დღეს, 10 დეკემბერს, ხ.ახვლედიანის ქუჩაზე გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ეზოში მდგარი რამდენიმე ავტომანქანის დაზიანებული საქარე მინები,  აფეთქების შედეგად ჩამოშლილმა კედელმა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებმა კი მანქანების კორპუსების დეფორმირება გამოიწვია. 

ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუკავშირდა. დაზარალებული მოქალაქისთვის უცნობია, აუნაზღაურებენ თუ არა ავტომობილის ხარჯს. 

"გამარჯობა, მე ვარ ახვლედიანის ქუჩის მცხოვრები, ღმერთს მადლობა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა ასე თუ ისე.  შეიძლება ცოტა არაადეკვატურად გამომდის, მაგრამ გეტყვით, რომ აფეთქების შემდეგ დაზიანდა ჩემი მანქანა. ალბათ იტყვით რა მისტირის მანქანასო, როცა ამდენი ოჯახი ბინის გარეშე დარჩა, მაგრამ მეც დაზარალებული ვარ.  არავის უთქვამს ერთი სიტყვა ანაზღაურების შესახებ. ახალი მანქანაა, ჯერ კიდევ ბანკში ვიხდით განვადების ფულს, ახალგაზრდა ოჯახი ვართ და ახლა ვაწყობთ ცხოვრებას. რომც არ ღირდეს ეს მანქანა დიდი თანხა, მაინც ჩვენი შრომითაა ნაყიდი და გული გვწყდება, იქნებ დამეხმაროთ, რომ გავარკვიოთ, გვინაზღაურებენ თუ არა ზარალს?" - გვწერს მოქალაქე.

ბათუმის მერიაში ინფორმაციის გადასამოწმებლად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით. მათი თქმით, მერია ზოგადად დაზიანებული ავტომობილების ხარჯებს არ ანაზღაურებს. თუმცა, მოგვიანებით, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას  საქმეზე გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  10 დეკემბერს, ხ.ახვლედიანის ქუჩაზე , აფეთქების შედეგად  13 ავტომანქანაა დაზიანებული. 

აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავადა, დაზიანებულია 45 სახლი, 9 ოჯახი კი, რომელიც უშუალოდ აფეთქებულ კორპუსში ცხოვრობდა, გაყვანილია ქირით.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში