აქვს თუ არა კავშირი ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს ტერორიზმთან გამოძიება დაადგენს

28 ნოემბერი 2017, 00:00 4616 ნახვა

''საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის  ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად მიმდინარეობს'' - განაცხადა სასამართლოს დარბაზში პროკურორმა, რომლის განმარტებით,  გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს. 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ბათუმსა და ქობულეთში. ასევე, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მდინარის პირას ჩამარხულ კასრში ხელყუმბარები იპოვეს. სულ ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ასობით ვაზნა და ორი ხელყუმბარა.

ბრალდებული დანაშულს არ აღიარებს და განმარტავს, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სპეცოპერაცია ქობულეთში 25 ნოემბერს ჩატარდა, დაკავებულია ერთი ქალი.   

სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარები ბრალდების და დაცვის მხარის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, თოფისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა და გასაღებას გულისხმობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი