არქეოლოგი: ''დაზიანებული ქვევრი განვითარებული შუასაუკუნეების უნდა იყოს''

20 ნოემბერი 2017, 00:00 9032 ნახვა

"ღმერთმა საგანძური მოგვცა და პატრონობა ჯერჯერობით ვერ ვისწავლეთ" - ასე აფასებს ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნი ქვევრის დაზიანების ფაქტს არქეოლოგი ამირან კახიძე. 

ორი დღის წინ ნაპოვნი ქვევრის შესწავლა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს. 

​წინასწარი დათვალიერების საფუძველზე, არქეოლოგები ამბობენ, რომ ქვევრი განვითარებული შუასაუკუნეების პერიოდის უნდა იყოს. "შემთხვევითი აღმოჩენა ძალიან საინტერესოა. დავამტკიცეთ, რომ ამიერკავკასიაში ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების პირველი ნივთიერი მტკიცება აქ არის," - ამბობს კახიძე. 

ამირან კახიძე ფიქრობს, რომ მერიამ, მიწისქვეშა სამუშაოების დაწყების დროს, არქეოლოგები საქმის კურსში უნდა ჩააყენონ. "ადრე წესი იყოს ასეთი თუ რაიმე სამუშაო ტარდებოდა აუცილებელი იყო სპეციალისტის თანამონაწილეობა. ჩვენ რომ გვცოდნოდა მიწისქვეშა სამუშაოების შესახებ, სპეციალისტი მეთვალყურეობას გაუწევდა და ასეთი ბარბაროსობა არ მოხდებოდა. ეს აღმოჩენა ბათუმის ისტორიისათვის ძალიან ღირებულია" - ამბობს არქეოლოგი ამირან კახიძე.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს. 

ამავე კატეგორიაში