ტურისტი: ''ეს ავტოსადგური ქალაქის სირცხვილია''

08 ნოემბერი 2017, 00:00 29547 ნახვა

"გამარჯობა, საოცარი ავტოსადგური გაქვთ ტურისტების დასახვედრად", - წერილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გერმანიიდან ჩამოსულმა ტურისტმა ფბ-ს ოფიციალურ გვერდზე მოწერა.

წერილის ავტორი დევიდ ბაიერი, თბილისიდან ბათუმში სამარშუტო ტაქსით ჩამოვიდა. იგი მძღოლმა ბონში, ბათუმის ძველ, ყველაზე დატვირთულ ავტოსადგურში მიიყვანა. "ეს აბსურდია, ქალაქში სადაც ამდენი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, ასე როგორ უნდა დახვდეთ ადამიანებს? მშვენიერი აეროპორტი და რკინიგზის სადგური გაქვთ, ეს კი აუცილებლად დასახურია. როგორ ახერხებთ, რომ ასეთი რამ იყოს ქალაქში? ესთეტიკური და სანიტარული მხარის გარდა, წერილის ავტორი ყურადღებას უსაფრთხოებაზე ამახვილებდა: "ეს ადგილი თქვენი საყვარელი ქალაქის სირცხვილია, შენობის შიგნითაც ვიყავი, უზარმაზარი ხვრელებია ჭერში, ჩამოდის წყალი, გაუგებარია, რას აკეთებენ ქალაქის მერია ან საკრებულო? აქ რატომ შემოდის ყველა ავტობუსი? საშინელი გზაა, ირგვლივ უამრავი მანქანაა, მოვაჭრეები სიბინძურეში სხედან და ხილით ვაჭრობენ - აფრიკა ხომ არ არის?"

დევიდ ბაიერმა ფოტოებიც გამოგზავნა, სადაც ავტოსადგურიში არსებული მძიმე სანიტარული მდგომარეობა და დაზიანებული შენობაა ასახული.  ბათუმელებს ეს საკითხი უკვე   წლების მანძილზე აწუხებთ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია. 

ავტოსადგურის შენობა 1988 წელსაა აგებული, იგი 1993 წლიდან  სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის. დღეს ავტოსადგურს 4 მსხვილი აქციონერი ყავს, მეხუთე მსხვილი აქციონერი კი სახელმწიფოა. 

იმ ადგილის უსაფრთხოების გადასამოწმებლად, სადაც ყოველდღიურად 1000 - ზე მეტი ადამიანი დადის, ვაჭრობს ან, უბრალოდ, მგზავრობს, ბათუმის მერიაში დავრეკეთ. ბათუმის მერიის პრესამსახურში პასუხი იმაზე, არის თუ არა შენობა ამორტიზირებული ან სახიფათო, არ აქვთ. მათი თქმით, ავტოსადგური კერძო საკუთრებაა და მისი კონტროლი მერიის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებს ცილდება.

ვინ უნდა აკონტროლებდეს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების საკითხებს? ამ კითხვაზე პასუხს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ნახავთ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში არსებობს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც შენობების უსაფრთხოების საკითხებს სწავლობს, ავტონომიის შემთხვევაში კი, ეს უფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს დელეგირებული.

უწყებაში გვითხრეს, რომ მსგავსი სააგენტო არსებობს, თუმცა, მას საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრული აქვს და ისინი ავტოსადგურის მსგავს შემთხვევებს არ სწავლობენ.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაადგინოს, უსაფრთხოა თუ არა ადგილი, სადაც უამრავი ტურისტი, მოვაჭრე და მგზავრია თავმოყრილი? ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება. "ერთის მხრივ, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიხედვით,  ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ სააგენტოს  აქვს ვალდებულება, გაზომოს, არის თუ არა შენობა უსაფრთხო იქ მყოფი მოქალაქეებისთვის. მეორეს მხრივ, ასეთი ვალდებულება, ბათუმის საკრებულოს დადგენილებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს აქვს. შეიძლება შენობა იყოს კერძო საკუთრებაში, თუმცა, თუ ის სახიფათოა ან ეჭვია, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელია, ორივე უწყება ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს, შეამოწმოს და, შეუსაბამობის შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეს ხარვეზის გამოსწორების ვალდებულება დააკისროს", - აცხადებენ არასამთავრობო სექტორში.

ავტოსადგური არ არის მხოლოდ კერძო საკუთრება, ის სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქციონერი სახელმწიფოა. 100%-ანი წილიდან 31% აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობს. ავტოსადგურის აქციონერები განმარტებით, შენობის კაპიტალური რემონტი რომ ვერ ტარდება, დიდწილად სწორედ ჩინოვნიკების ბრალია: "იმისთვის, რომ ავტოსადგურს ჩაუტარდეს რეაბილიტაცია, 4-6 მილიონამდე გვჭირდება, ბუნებრივია, ეს ფული ბანკიდან უნდა გამოვიტანოთ, მაგრამ ბანკი სესხს არ მოგცემს, ვიდრე სახელმწიფოა შენი მეწილე. სამინისტროს წილის გაყიდვა ვთხოვეთ, თუმცა, ყოფილმა მინისტრმა დავით ბალაძემ არც კი მოგვისმინა. ფულს სახელმწიფოც ვერ ჩადებს მისი წილის გასარემონტებლად და ვართ ასე, ჩიხში", - აცხადებს ასლან გვარიშვილი.

რატომ არ ყიდის თავის წილს უწყება კერძო აქციონერებზე? სამინისტროში ამ ეტაპზე აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ავტოსადგურის აქციონერებთან აქტიურ ფაზაშია და საკითხი მალე გადაწყდება.

სამინისტროს მხრიდან დაინტერესების ფაქტს ადასტურებენ აქციონერებიც: "შევხდით მინისტრს და ახალ მერსაც, რაღაც ძვრები არის ამ მიმართულებით, ველოდებით, რა იქნება".

ამავე კატეგორიაში