სტიქიის შედეგები

18 ოქტომბერი 2017, 00:00 2536 ნახვა

• კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ხულოში, დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები სწავლობენ, სპეციალისტები ხიხაძირის და დანისპარაულის მიმართულებით მუშაობენ. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა  ხულოში  ყველა მიმართულებით შესაძლებელია. სტიქიამ საფრთხე შეუქმნა 4 ოჯახს, ისინი თავს ახლობლებს აფარებენ.  ზარალის ოდენობა ჯერ - ჯერობით უცნობია.

• დილიდან გამოიდარა შუახევშიც. მოძრაობა ცენტრალურ გზებზე ყველა მიმართულებით აღდგენილია. ამ დრომდე, მხოლოდ სოფელ ინწკირვეთთან მისასვლელი გზა რჩება პრობლემად. აქ მეწყერმა გზის 30 მეტრი წაიღო. უამინდობის შედეგად დაიმეწყრა 10-მდე საცხოვრებელი სახლი, ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 5 სახლს. დამეწყრილ სახლებს გეოლოგები რამდენიმე დღეში შეისწავლიან.

• მესამე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება ქობულეთის სამ სოფელს. სტიქიის შედეგად ციხისძირისა და ბუკნარის წყლის სათავე ნაგებობები ქვიშით გაივსო, ხოლო ოჩხამურის სათავე ნაგებობას ტრანსფორმატორი დაუზიანდა. „ქობულეთის წყლის“ დირექტორის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში  მეწყერი 17 საცხოვრებელ სახლთან ჩამოწვა, მათგან 2 ოჯახი დროებით თავს ახლობლებთან აფარებს.

• ბათუმში, კი სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები სანაპირო ზოლს ასუფთავებენ დილიდან.  კვარიათისა და ახალი ბულვარის პლაჟებს. წყალმომარაგებაში არსებული შეზღუდვები მერიის ინფორმაციით უკვე მოხსნილია.

ამავე კატეგორიაში