პირველკლასელები „ქართული ოცნების“ დროშებით - სხეფის სკოლა

18 სექტემბერი 2017, 00:00 9014 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე დარჩიძემ, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ პირველ კლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.  მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. პედაგოგმა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან აღნიშნული ფოტო უკვე წაშალა.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია შუახევის რესურსცენტრში უკვე მიიღეს. უწყების  ხელმძღვანელის განმარტებით, საკითხს სკოლის დისციპლინური  კომიტეტი შეისწავლის და შესაბამის ზომებს გაატარებს.  ედუარდ გოგრაჭაძე ამბობს, რომ პარტია „ქართლი ოცნების“ დროშები საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სავარაუდოდ ბავშვებმა მიიტანეს,  რაც მასწავლებლების ყურადღების მიღმა დარჩა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნებში" ამბობენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზირება დაუშვებელია და აღნიშნული ქმედება კანონს ეწინააღმდეგება. მადონა ბერიძის თქმით, ეს დისციპლინური  პასუხისმგებლობის საფუძველია, სანქციები კი სკოლის შიდა განაწესით უნდა განისაზღვროს. 

 სხეფის საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ დღეს გაიგო. საქმე დისციპლინურ კომისიას უკვე გადაეცა, სანქციების შესახებ გადაწყვეტილება კი ცნობილი 5 დღეში გახდება. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ოთარ დავითაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დროშები მოსწავლეებისთვის მასწავლებელს არ დაურიგებია. საკლასო ოთახში სააგიტაციო მასალის შეტანის ფაქტი კი უბრალოდ ყურადღების მიღმა დარჩათ. მშობლები აღნიშნულს  აპროტეტსტებენ.  აცხადებენ, რომ მსგავს სიტუაციებში პედაგოგებს მეტი ყურადღება მართებთ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში