ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად რომელ მაუწყებელზე აკეთებენ არჩევანს პარტიები 

12 სექტემბერი 2017, 00:00 1684 ნახვა

“ევროპული საქართველო” ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის 299 ათას 970 ლარს დახარჯავს. პარტია სარეკლამო დროს 18 მედია საშუალებაში შეისყიდის. ჩამონათვალში მხოლოდ ორი ცენტრალური მაუწყებელია. ყველაზე მეტ თანხას 198 ათას 566 ლარს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” მიიღებს, “ტვ პირველს  35 ათასი ლარი ჩაერიცხება. 

მხოლოდ 10 მაუწყებელში შეისყიდის სარეკლამო დროს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. პარტიამ არჩევანი ცენტრალური მაუწყებლებიდან მხოლოდ “რუსთავი 2” და  “ტვ პირველზე” გააკეთა.  “რუსთავი 2” საეთერო დრო 219 ათას 862 ლარად შეისყიდეს,  “ტვ პირველიდან”  კი 30 ათას  030 ლარად.  ნაციონალური მოძრაობა ჯამში 290 ათას 821 ლარს დახარჯავს.

“ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ჩამონათვალში “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია” და “კავკასია” ვერ მოხვდნენ. “პატრიოტთა ალიანსმა” ცენტრალური მაუწყებლებიდან საეთერო დრო მხოლოდ “ობიექტივიდან”  36 700 ლარად შეისყიდა. პარტია ჯამში 52 ათას 776 ლარს დახარჯავს. 

პარტიების მიერ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ცესკოს საიტზეა გამოქვეყნებული. მმართველმა პარტიამ მონაცემები გუშინ გამოაქვეყნა. პარტია ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის ნახევარმილიონ ლარს დახარჯავს. კანონის თანახმად, საარჩევნო სუბიქტები ვალდებული არიან ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შესყიდვისას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინონ.

ამავე კატეგორიაში