ინფექციონისტის რჩევები და რეკომენდაციები ჯილეხის სიმპტომების გამოვლენისას

07 სექტემბერი 2017, 00:00 10323 ნახვა

ჯილეხის გამომწვევ მიზეზებზე, თავდაცვის საშუალებებსა და პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე საზოგადოებრვი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ჟურნალისტი ქეთევან კაცაძე ინფექციონისტ რევაზ ნაკაშიძეს ესაუბრა.

 

რა არის ჯილეხი?

ჯილეხი მწვავე ინფექციური  დაავადება. ძირითად ჯილეხით   მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და წვრილფეხა ცხოველები ავადდებიან. აგრეთვე გარეული ცხოველები და იშვიათად მტაცებლები. ინფიცირების შემთხევაში ისინი მალევე, ერთ-ორ დღეში იღუპებიან.  გარშემო კი ბაქტერიებს ტოვებენ, რომელებიც შემდგომ სპორებს იკეთებენ.  სპორა   გარემო პირობების მიმართ გამძლეა. იტანს როგორც დიდ ტემპერატურაზე გაყინვას, ასევე მაღალ ტემპერატურაზე დუღილს. ამდენად  ბუნებაში მათი არსებობა არის  მოსახლეობის დაავადების რისკი.

 

როგორ გავიგოთ, რომ  ჯილეხი გვაქვს, რა სიმპტომები ახასიათებს?

 

ჯილეხის ინკუბაციური პერიოდი 2-დან 8 დღემდეა. დაავადების 2 ფორმა არსებობს: კანის  ფორმა და სეფტიური ფორმა. უმეტესად კანის ფორმები გვხვდება.  ასეთ შემთხვევაში მიკრობის შეჭრის ადგილას  პატარა ლაქა ჩნდება, რომელიც ერთი დღის განმავლობაში სითხით სავსე მოწითალო- სპილენძისფერ ბუშტუკად გადაიქცევა.  ქავილის შედეგად ის  სკდება,  სითხე გადმოიღვრება და  წყლული ჩნდება, რომელიც შავი ქერით იფარება. ასევე შეიძლება ირგვლივ შვილეული წყლულები გაჩნდეს. ინფექციის ადგილას ძლიერი შეშუპება ვითარდება.  გარდა ამისა დაავადებას ახასიათებს სიცხე  და საერთო სისუსტე. ჩირქოვანი ინფექციების დროს გამოწვეული წყლულებისგან განხვავდება იმით, რომ უმტკივნეულოა.  დაავადებას მოსახლეობა ,,ბედნიერების” სახელით იცნობს.  მეორე სეფტიური ფორმაა  -  ამ დროს პაციენტს აღენიშნება პლევმონია, სუნთქვის უკმარისობა ან ფაღარათი, სისიხლიან- ლორწოვანი განავალი. სეფტიური ფორმები ძალიან სწრაფად ფატალურად მთავრდება. კანის ფორმა- სწორი მკურნალობის შემთხევვაში განკურნებადია.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვაქვს ჯილეხის ნიშნები და რა არის საჭირო იმისათვის, რომ  მდგომარეობა არ გართულდეს?

სანამ ადამიანი ამ ეტაპამდე მივა, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.  სწორი მკურნალობა დაიწყოს. დამოუკიდებლად მედიკამენტის მიღება კატეგორიულად არ შეიძლება.

 

 

ვის შეიძლება დაემართოს ეს დაავადება?

ძირითადად ჯილეხი იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც პირუტყვს კლავენ, ყასაბებს ან მეცხოველეობის მუშაკებს.  თუ პირუტყვი დაავადებულია,  სასწრაფოდ უნდა მიმართონ ვეტერინარს.  ავადმყოფი ცხოველი არ უნდა დაიკლას,  მისი ხორცი არ უნდა გაიყიდოს. მსგავსი შემთხვევების დროს  აუცილებელია სპეციალური სამსახურის წარმომადგენლების  გამოძახება. ხორცი უნდა  დაიწვას და ღრმა ორმოში დაიმარხოს. ეს არის აუცილებლობა.

 

რა შემთხვევაში ემართება ადამიანს ჯილეხი?

ძირითადად ხორცის დამუშავების დროს. მქონდა შემთხვევა, როცა დიასახლისს დაემართა  იმიტომ, რომ  დაავადებული ხორცი დაამუშავა. ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის დროს, როცა ბალახი ხმება მიწაში სპორები ჩნდება. ბალახთან კონტაქტის დროს კი საქონელი შეიძლება დაავადდეს, ასევე  აღნიშნულ ადგილას, მიწაზე მომუშავე ადამიანიც შეიძლება დაინფიცირდეს. იქ სადაც ციმბირის წყლულის სპორებია, მიწაზე მუშაობისას ხელთათმანები უნდა  გამოიყენოთ და ფეხშიშველი არ უნდა გაიაროთ.

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი, თუკი ჯილეხით ინფიცირებულთან ვიმყოფებით?

პირველ რიგში  წყლულს და მისგან გამოყოფილ სითხეს ხელთათმანების გარეშე არ უნდა შეეხონ. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს, უშუალოდ იქ სადაც კერაა. ეს  ირგვლივ მყოფებს რისკებისგან დაიცავს. ჯილეხის კანის ფორმა შეხების გარეშე  არ გადადის, ე.წ. ფილტვის ფორმამ კი შეიძლება  სხვა დააინფიციროს. ჯილეხი ერთ-ერთი ბიოლოგიური იარაღია, რომელსაც იყენებენ, თუმცა კარგი ლაბორატორიის გარეშე მისი იარაღად შექმნა და სპორების გამოყოფა ძნელია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში