დეკანოზის საქმე - მეუფე დიმიტრის ბრიფინგი

05 სექტემბერი 2017, 00:00 2813 ნახვა

განაჩენი გამოტანილია, სიტყვა და მუხლი ანგარების შესახებ შურისძიებით შეცვლილი, პატიმრობა კი 9 წლით განსაზღვრული –ე.წ. ციანიდის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ საჯარო სხდომაზე გამოაცხადა.

ადვოკატები ამბობენ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება, სასამართლო არ არსებობს რადგან მუხლის გადაკვალიფიცირებით, მოსამართლებ ქვეყანაში არსებული ყველა კანონი დაარღვია. ისინი ციანიდის საქმეს, გირგვლიანის საქმეს ადარებენ – ამბობენ, რომ თუ საქართველოში არა, სამართალს სტრასბურგში იპოვიან. ადვოკატები ბესიკ ბუგიანიშვილს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარე 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა კმაყოფილი იყვნენ პროკურორები. ორივე მხარე მოსამართლის მოტივირებულ დასაბუთებას ელოდება. საქმეზე გამოძიება გრძელდება, რადგან პროკურატურამ ამ დრომდე ვერ დაადგინა ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი” და იარაღი, რომელსაც მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა შეძენილი. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ხმაური  მოჰყვა დარბაზში. მოსამართლე გააკრიტიკეს დამნაშავედ ცნობილი დეკანოზის ახლობლებმა, ძმამ ბესიკ ბუგიანიშვილი მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი კი პრემიერ-მინისტრთან გარიგებაში დაადანაშაულა.

განცხადებები გაავრცელა და განაჩენს სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი უწოდა სამღვდელოების რამდენიმე წარმომადგენლმა, საპატრიაქროს სახელით კი კომენტარი გააკეთა არქიმანდრიტმა კახაბერ გოგოტიშვიმა. ამბობს, რომ ცილისმწამებლურია განცხადებები, თითქოს მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო და საპატრიარქო ერთად მოქმედებდნენ.  მართლმსაჯულება არ აღსრულდა – ასე შეაფასა დღევანდელი განაჩენი სახალხო დამცველმა. 

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 6 საათში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა მედიისთვის ბრიფინგი გამართა. გაავრცელა განცხადება და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მიტროპოლიტი აცხადებს, რომ მას დეკანოზი ნაწილობრივ დამნაშავედ მიაჩნია, თუმცა აცხადებს რომ ე.წ. ციანიდის საქმე ბურუსითაა მოცული, რადგან კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ციანიდის შეძენის ფაქტი – რომელსაც პასუხი ვერ გასცა პროკურატურამ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში