იგნორირებული რეგულაციები და ''ბიზნესი დარღვევებით''

03 აგვისტო 2017, 00:00 4060 ნახვა

ბათუმის ცენტრალური ბაზარი. ღია დახლებზე განთავსებული მალფუჭებადი პროდუქტები. მათ შორის კვერცხი, შებოლი ყველი და სულგუნი.

ზაფხულში, როცა ტემპერატურა მაღალია, რა პირობებში უნდა ინახებოდეს პროდუქცია? ვის ეკისრება პასუხისმგებლობა და ვინ აკონტროლებს პროცესს. 
მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზარში სამაცივრე დახლების ნაკლებობაა, რის გამოც პროდუქციის რეალიზაცია მსგავს პირობებში უწევთ.

ფოტო: ირინე წუწუნავა

საპირისპიროს ამტკიცებენ ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  ნოდარ მგელაძე განმარტავს, რომ სასაწყობე და სამაცივრე დახლები საკმარისზე მეტია. თუმცა გამყიდველები მას არ იყენებენ. „ცალკე არის იმერული და ცალკე აჭარული ყველის, ასევე კარაქისა და ნადუღის საწყობები. ამ ეტაპზე 8 დახლ-მაცივარი თავისუფალია.  მოვაჭრეების პოზიცია ასეთია, მყიდველს ისეთი ყველი უნდა, რომელიც მაცივარში არ შეუნახავთ. ამიტომ ღამით ინახავენ, მაგრამ დღისით მომხმარებლის დასანახად ღია დახლებზე აწყობენ“ - ამბობს ვეტექიმი. 
მისივე განმარტებით, შემოტანის დროს ყველა ნაწარმი მოწმდება. თუ პროდუქცია გარკვეულ ვადაში ვერ გაიყიდა, მას რეალიზაციიდან იღებენ. 

ფოტო: ირინე წუწუნავა

სქემა შემდეგნაირია: ბაზრის ადმინისტრაცია ობიექტში მომუშავე პირებს, სურსათის ეროვნული სააგენტო კი სავაჭრო ობიექტის მფლობელებს აკონტროლებს. არსებობს  რეგულაციები, რომელიც მომხმარებლის ინტერესების დაცვას ემსახურება. სააგენტოს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ  სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდობით მუშაობენ. ობიექტებს ამოწმებენ და აჯარიმებენ კიდევ. მაგალითად, მაკონტროლებლებმა მიმდინარე წელს „ცენტრალური ბაზრის“ ადმინისტრაცია ჰიგიენური და ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის რამდენჯერმე დააჯარიმეს. მათ შორის რეკომენდაციების არ შესრულების გამოც. 

ფოტო:ირინე წუწუნავა

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ბიძინა ჯიბლაძე ამბობს რომ ბაზარში მოვაჭრე ფიზიკურ პირებს ვერ აჯარიმებენ. „2020 წლამდე მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება. მათზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ობიექტის მეპატრონეებს ეკისრებათ. სარეალიზაციო დახლებზე განთავსებული პროდუქცია ეტიკეტირებული უნდა იყოს, მითითებული უნდა ჰქონდეს დამზადებისა და ვარგისიანობის თარიღი. ნაწარმი უნდა ინახებოდეს  ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. 
მაკონტროლებლები აკონკრეტებენ, რომ გარე ვაჭრობის ადგილებშიც ანალოგიური მდგომარეობაა, ეს საკითხები აქაც იგნორირებულია“ . 

 

 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში