კომპანია, რომელიც ავტომანქანებში დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის გამართულობას შეამოწმებს რეგიონში არ არის

01 ივლისი 2017, 00:00 3129 ნახვა

რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა, რომლებსაც ავტომანქანაში აირბალონები თვითნებურად აქვთ დამონტაჟებული. რამდენი ქულა დააკლდებათ, იმ შემთხვევაში თუ საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა შეამოწმა და დარღვევა დააფიქსირა. რეგიონში სად შეძლებენ მძღოლები ავტომანქანის შემოწმებას და საჭირო ლიცენზიის მიღებას. ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ. ისინი მომატებული საფრთხის შემცვლელი ობიექტების კონტროლს ახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი კი ავტოგასამართი პუნქტია, სადაც მძღოლები საწვავს იღებენ. 

ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ამბობს რომ „რეგიონში მსგავსი ტიპის აკრედიტებული ორგანიზაცია, რომელიც ავტომანქანებში დამონტაჟებულ აირბალონებს შეამოწმებს, არ არის“. დავით ბერიძის განმარტებით მძღოლების მხრიდან აქამდე არც დაინტერესება არსებობდა. ხშირად აირბალონებს ავტომანქანაში კუსტარულად ამონტაჟებენ, შესაბამისად მათ არც საჭირო დოკუმენტაცია გააჩნიათ. აირზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებისა და სერტიფიკატის გაცემის უფლება კი საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს. დღეიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა. ჩამონათვალში წერია, რომ „მძღოლებს თვითნებურად დამონტაჟებულ და შეუმოწმებელ ავტომანქანებზე ქულა აკლდებათ“. სწორედ ეს პუნქტი გახდა აზრთა სხვადსხვაობის მიზეზი.

დღეს საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. დოკუმენტში წერია რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა. ასევე, არ შეცვლილა საპატრულო პოლიციის აქამდე არსებული მიდგომა ბუნებრივი აირის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. უწყების ინფორმაციით, ვიდრე ტექდათვალიერების სისტემა არ ამოქმედდება, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით ისარგებლებენ, როგორც ეს იყო დღემდე. გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარებიან.

საქართველოს მთავრობის №513 დადგენილების მიხედვით ირკვევა, რომ პირველადი ინსპექტირება 20 წლის და ზემოთ ავტომილებს, ასევე იმ საზოგადობერივ ტრანსპორტს შეეხება, რომლებიც აირბალონებით სარგებლობენ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3437416

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში