ქვეითზე შეჯახების  56 შემთხვევა  - 5 თვის სტატისტიკა 

22 ივნისი 2017, 00:00 6709 ნახვა

ბოლო ორ თვეში ბათუმში ერთსა და იმავე მონაკვეთზე,  ჭავჭავაძის  ქუჩაზე  სამი ავარია დაფიქსირდა, მათგან ორი ფატალურად დასრულდა. არცერთი ქვეითი ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა.  ბოლო ფაქტი გუშინ 21 საათზე მოხდა. დაშავებული 23 წლის გოგონაა, რომლის  ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ დრომდე კრიტიკულია.

 ''მთავარი''  დაინტერესდა,  რამდენად დაცულია მოძრაობის უსაფრთხოება ქალაქში, ვინ არღვევს მოძრაობის წესებს - ქვეითი თუ მძღოლი?  ბოლო ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგაც ჭავჭავაძის ქუჩაზე მთავარის კამერამ  დარღვევების არაერთი ფაქტი დააფიქსირა. აღმოჩნდა, რომ მძღოლებისა და ქვეითების ნაწილი სიფრთხილით დღესაც არ გამოირჩევა. 

საქართველოს გზების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი  მიზეზი კომპლექსურია.  "არ არის საგზაო მოძრაობის სქემა სწორად მოწყობილი, არც ინფრასტრუქტურაა  შესაბამისი, ცალკეულ შემთხვევებში კი საპატრულო პოლიციის მოქმედებაც გადასახედია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ე.წ შავი წერტილები. ადგილები, სადაც ხშირია ავარიები. არ ხდება ამ ადგილების ექსპერტული შესწავლა. არ გვაქვს მოქმედების ტაქტიკა საგზაო უსაფრთხოებასთან მიმართებაში " - განმარტავს დავით მესხიშვილი. 

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე  გზის გამყოფი ჯებირის მოწყობა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება და ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. თვითმმართველობაში  არც იმას გამორიცხავენ, რომ ჯებირის განთავსებაზე  სამომავლოდ იფიქრონ.
ევროპის ქვეყნებს შორის ავარიით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო პირველ ხუთეულშია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად,  2017 წლის პირველ ხუთ თვეში არასწორად გზის გადაკვეთის გამო 301 ქვეითი დაჯარიმდა. დამრღვევი  10 ლარს იხდის. 125-ე მუხლით  6 074  სამართალდარღვევის ქვითარი შედგა, რაც საგზაო მოძრაობის  წესის  დარღვევას და ამასთან  ქვეითისთვის გზის არ დათმობას გულისხმობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში