''89% ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი'' ძალადობის წინააღმდეგ აქცია

17 მაისი 2017, 00:00 3747 ნახვა

"89% ერთხელ მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი" - ამ ლოზუნგით, თბილისში კანცელარიასთან 12 ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, ლგბტ თემის წარმომადგენლები და ძალადობის მოწინააღმდეგე მოქალაქეები შეიკრიბნენ. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, აქციის მონაწილეებმა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით გამართეს. 

კანცელარიასთან მისასვლელი ოთხივე გზა, სადაც აქციის წევრები დილის 10 საათზე შეიკრიბნენ, პოლიციის მიერ იყო გადაკეტილი და პერიმეტრი სრულად დაცული. 

ტერიტორიაზე შესვლა ჟურნალისტებსაც სპეციალური საშვით შეეძლოთ. განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, არასამთავრობო და ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რადგან მათი განცხადებით ისინი ყოველდღიურად განიცდიან ძალადობას საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, მათ უსწორდებიან ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, რიგ შემთხვევებში კი მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგება საფრთხის ქვეშ. 

სწორედ ამ ძალადობის წინააღმდეგ გაიმართა ერთსაათიანი აქცია კანცელარიასთან, სადაც ადამიანებმა ძალადობას უთხრეს უარი და დააფიქსირეს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს უსაფრთხოდ და იყოს დაცული.

აქციაზე შესვლას ცდილობდა რამდენიმე სასულიერო პირი, რომელიც პოლიციამ არ გაატარა. საინფორმაციო პორტალის, ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სასულიერო პირი პოლიციელს მოუწოდებდა აქციაზე შეეშვა. 

სტატისტიკის მიხედვით, რომელსაც ადამიანის უფლებადამცველი ორგანზიაციები ავრცელებენ,  ლგბტი თემის ყოველ მესამე წევრს აქვს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, ათიდან 9 კი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია.  გახშირდა თავდასხმის ფაქტები ტრანსგენდერ ქალებზე, რომელთაგან 2 მკვლელობით დასრულდა. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მაღალი დონის გამო, ამ დანაშაულთა უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში